Tuesday, April 12, 2011

2009 წლის შედეგები

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების 2009 წლის შედეგები - #6 (126), 2010
2010-10-05 23:21
პოსტ-კრიზისულ პერიოდში ბაზარი გაიზარდა

წინა წლების მსგავსად, საქართველოში სადაზღვევო ბაზრის ზრდა 2009 წელსაც გაგრძელდა. სწორედ ამას ადასტურებს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. გასული წლებისგან განსხვავებით, როდესაც წლიურ მაჩვენებლებს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტი აქვეყნებდა, 2009 წლიდან ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკს აკისრია. გასული წლის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში სულ 16 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიაა, ფაქტობრივ საქმიანობას კი 14 მათგანი ახორციელებდა. მთლიანად, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემია 360 449 124 ლარია, ანაზღაურებულმა ზარალმა კი 189 211 833 ლარი შეადგინა. 2008 წელს მოზიდული ჯამური პრემია 272 013 220 ლარი, ხოლო ანაზღაურებული ზარალი კი 105 613 271 ლარი იყო. ასე რომ, მოზიდული ჯამური პრემიის მაჩვენებელი 2009 წელს წინა წელთან შედარებით 88 435 904 ლარით არის გაზრდილი, ანაზღაურებული ზარალი კი 8 359 5862 ლარით მეტია.
შესაბამისად, მთლიანი სადაზღვევო ბაზრის მოზიდული ჯამური პრემია 2008 წლიდან 2009 წლამდე 32,5%-ით არის გაზრდილი.

ცხრილი 1. 2009 წლის საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განაწილება კომპანიების მიხედვით
 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2009 წელს მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით ლიდერი სადაზღვევო კომპანიის სტატუსი შეინარჩუნა "ალდაგი ბისიაიმ", რომლის წილად ჯამური პრემია 68 638 499 ლარია, რაც მთელი სადაზღვევო ბაზრის 19,04%-ს შეადგენს. 2009 წელს "ალდაგი ბისიაის" მიერ ანაზღაურებული ზარალი 50 714 494  ლარია. 2008 წელს მისი ანაზღაურებული ზარალი 34 803 929 ლარი იყო. კომპანიას 2008 წელთან შედარებით ჯამური პრემია 6 102 316 ლარით არის გაზრდილი, თუმცა მთლიანობაში სადაზღვევო ბაზარი უფრო მეტად გაიზარდა და შესაბამისად, "ალდაგი ბისიაის" წილი ბაზარზე 22,86%-დან 19,04%-მდე შემცირდა.

2009 წელს, უმსხვილეს კომპანიებს შორის კვლავ შეინარჩუნა მეორე ადგილი "ჯიპიაი ჰოლდინგმა", რომელმაც ჯამური პრემია 63 124 231 ლარი მოიზიდა (2008 წელს 47 003 585 ლარი იყო). კომპანიამ აანაზღაურა 32 523 596 ლარის ღირებულების ზარალი. წინა წელს კი ანაზღაურებულმა ზარალმა 24 457 566 ლარი შეადგინა. "ჯიპიაის" მიერ მოზიდული ჯამური პრემიის მოცულობის ზრდამ ოდნავ გადააჭარბა მთლიანი ბაზრის ზრდას და შესაბამისად, 2008 წელს თუ კომპანიას ბაზარზე 17,33% წილი ეკავა, 2009 წელს ბაზრის წილმა 17,51% შეადგინა. ეს მაჩვენებელი სულ მცირედ აღემატება მესამე ადგილზე მყოფ "იმედი-L International"-ის მონაცემებს. "იმედი L"-მა 2009 წელს 61 718 681 ლარი ჯამური პრემია მოიზიდა (2008 წელს 46 466 474 ლარი იყო) და ბაზრის წილი 17,14%-დან 17,12%-მდე შეუმცირდა. ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებელი კი 30 165 122 ლარს შეადგენს. თუმცა, ზარალის ანაზღაურების მხრივ კომპანიას 137% იანი ზრდა აქვს. 2008 წელს კომპანიის ანაზღაურებული ზარალი 12 688 933 ლარი იყო.

რეიტინგში მეოთხე ადგილი უკავია სადაზღვევო კომპანია "ირაოს", რომლის მოზიდული ჯამური პრემია 56 018 831 ლარია. ამ მაჩვენებლით კომპანიამ ბაზარზე 15,54% წილი დაიკავა. კომპანიამ 2008 წელს 37 517 796 ლარი მოიზიდა და ბაზრის 13,8% ეკავა. შესაბამისად, "ირაოს" მოზიდული პრემიის ზრდამ 49,31% შეადგინა. ანაზღაურებული ზარალი 21 071 046 ლარია. 2008 წელს "ირაომ" 9 001 775 ლარი აანაზღაურა, ეს კი ანაზღაურებულ ზარალში 134%-იანი მატებაა.

მეხუთე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი". მისი მოზიდული ჯამური პრემია 51 892 032 ლარია, ბაზარზე წილი კი 14,39%. ამ მაჩვენებლით კომპანიას სხვებთან შედარებით ყველაზე დიდი თანხობრივი ზრდა ჰქონდა, რადგან შარშან "აი სი ჯგუფი" 17 989 511 ლარის მოზიდვით ბაზრის 6,63%-ს იკავებდა. შესაბამისად, მოზიდული ჯამური პრემია 33 902 521 ლარით, ხოლო ბაზარზე წილი კი 6,63%-დან 14,39%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, 2009 წელს კომპანიამ 27 706 668 ლარი აანაზღაურა, 2008-ში კი ანაზღაურებული ზარალი 4 176 066 იყო. ამ მაჩვენებლით ჩანს, რომ კომპანიას 563%-იანი ზრდა აქვს ზარალის ანაზღაურებაში.

მეექვსე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია "ვესტი". ამ კომპანიამ ასევე მნიშვნელოვანი ზრდა შეძლო და შარშან თუ მოზიდული ჯამური პრემია 9 288 448 ლარი, ხოლო ბაზრის წილი 3,42% ჰქონდა, 2009 წელს მისმა მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 16 856 688 ლარი შეადგინა, ბაზრის წილი კი 4,67%-მდე გაიზარდა. ზარალის ანაზღაურებაშიც მნიშვნელოვანი მატებაა: 2008 წელს თუ 1 278 708 ლარი იყო, 2009 წელს ანაზღაურებულმა ზარალმა 5 348 308 ლარს მიაღწია. ასე რომ, "ვესტის" მიერ ზარალის ანაზრაურებაში 318%-იანი ზრდაა.

მეშვიდე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია "ტაო". მოზიდული ჯამური პრემია 12 676 438 ლარია, ბაზრის წილი 3,51%. პროცენტულად სწორედ ამ კომპანიის ჯამური პრემიაა ყველაზე მეტად გაზრდილი. 2008 წლის მონაცემებით კომპანიას ჯამური პრემია 1 954 752 ლარი ჰქონდა, ბაზარზე კი სულ 0,72% წილი ეკავა. შესაბამისად, ჯამური პრემიის ზრდამ შთამბეჭდავი მაჩვენებელი - 548,49% შეადგინა. ანაზღაურებული ზარალიც გვარიანად არის გაზრდილი: 2008 წელს თუ 673 738 ლარი იყო, 2009-ში უკვე 3 234 753 ლარს შეადგენს. ეს კი ზარალის ანაზღაურების მხრივ 380%-იანი მატებაა.

მერვე ადგილზეა სააქციო საზოგადოება "არქიმედეს გლობალ ჯორჯია": მოზიდული პრემია 12 431 307 ლარია, ხოლო ბაზრის წილი 3,44%. კომპანიას 2008 წელს მოზიდული ჯამური პრემია 10 567 035 ლარი, ბაზრის წილი კი 3,89% ჰქონდა. 2009 წელს ანაზღაურებული ზარალი 7 874 914 ლარია, 2008 წელს კი იგივე მაჩვენებელი 3 094 605 ლარს შეადგენდა.

მეცხრე ადგილს იკავებს კომპანია "ქართუ", რომლის მოზიდული ჯამური პრემია 9 358 782 ლარია, ბაზრის წილი კი 2,6%. 2008 წელს კომპანიამ ოდნავ მეტი - 9 359 004 ლარის მოზიდვა შეძლო, ბაზრის წილი კი 3,45% იყო. ზარალის ანაზღაურებაშიც დიდი სხვაობა არ არის და ასევე ოდნავი შემცირებაა: 2008 წელს თუ 8 353 470 ლარი იყო, 2009-ში 8 154 029 ლარია. მთლიანობაში კი ყველაზე მცირე სხვაობა მოზიდულ ჯამურ პრემიას და ანაზღაურებულ ზარალს შორის კომპანია "ქართუ"-ს აქვს, რაც გამოწვეულია მისი საქმიანობის სპეციფიკურობით.

მეათე პოზიციაზეა სადაზღვევო კომპანია "პარტნიორი", რომლის მოზიდული ჯამური პრემია 4 649 365 ლარია, ბაზრის წილი კი 1,28%. შარშან კომპანიამ 4 199 934 ლარი მოიზიდა, ბაზარზე კი ოდნავ მეტი - 1,54% წილი ეკავა. ზარალის ანაზღაურება 2008-ში 373 259 ლარი, 2009 წელს კი 2 002 168 ლარია.

მეთერთმეტე პოზიციაზეა სადაზღვევო ბაზრის დებიუტანტი კომპანია "ალფა". კომპანია გასული წლის 2 ივნისს დააფუძნა "ავერსი-ფარმამ" და შარშანვე შეუდგა საქმიანობას. სხვა კომპანიებთან შედარებით, ზრდის მნიშვნელოვანი სასტარტო პირობა აქვს "ალფას", რადგან იგი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" დაფუძნებულია და მედიკამენტებით მომსახურებაშიც დაზღვეულებს მნიშვნელოვან შეღავათებს სთავაზობს. გასულ წელს ეს მდგომარეობა საკმაოდ დიდი ხმაურის მიზეზიც არაერთხელ გახდა – კონკურენტი სადაზღვევო კომპანიები "ავერსი-ფარმას" არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებდნენ. იყო კიდეც განცხადებები, თითქოს "ავერსი" აპირებდა "ალფას" გაყიდვას, თუმცა დღემდე მდგომარეობა უცვლელია. ასევე, "ალფამ" სახელმწიფო პროგრამებით დაზღვევის ტენდერში მონაწილეობაც მიიღო და მნიშვნელოვანი გამარჯვებებიც მოიპოვა. შესაბამისად, მომავალ წელს ალბათ ეს კომპანია თავის წილს ბაზარზე მნიშვნელოვნად გაზრდის. 2009 წლის მაჩვენებლებით მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 1 630 477 ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 0,45%-ია, ანაზღაურებულმა ზარალმა კი - 194 828 ლარი.

მეთორმეტე ადგილი დაიკავა "სტანდარტ დაზღვევა საქართველომ". მოზიდული ჯამური პრემია 687 134 ლარია, რაც ბაზარის 0,19%-ის ტოლია. ანაზღაურებული ზარალი სულ 35 987 ლარია. კომპანიას სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია 2007 წელს აქვს აღებული, თუმცა როგორც შედეგებიდან ჩანს, ჯერჯერობით დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა.

მეცამეტე ადგილზე საქართველოს ბაზრის კიდევ ერთი დებიუტანტია. შპს სადაზღვევო კომპანია "ჩარტის ევროპა ს.ა." საქართველოს ფილიალი. როგორც კომპანიის ვებ გვერდზეა განმარტებული, "ჩარტის ევროპა ს.ა." საქართველოს ფილიალი არის ჩარტისის წევრი კომპანია. ჩარტისი წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან სადაზღვევო ორგანიზაციას მომხმარებელთა მომსახურების 90-წლიანი გამოცდილებით. კომპანია მოიცავს 34 000 თანამშრომელს, რომლებიც მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ჩარტისის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კომერციული და პირადი დაზღვევის 500 ზე მეტი ინოვაციური პროდუქტი, რომელთა საიმედოობას განაპირობებს კომპანიის საუკეთესო ფინანსური მდგომარეობა. შედეგად, კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონზე მეტი კლიენტი ენდობა.

რაც შეეხება საქართველოში საქმიანობის დაწყებას, ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ "ჩარტის ევროპა ს.ა." საქართველოს ფილიალი დაფუძნდა 2005 წელს, როგორც საფრანგეთში რეგისტრირებული და ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია ჩარტის ევროპა ს.ა.-ს ფილიალი. ჩარტის ევროპა ს.ა.-ს გააჩნია ფილიალები ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და მომხმარებელს უზრუნველყოფს საერთო დაზღვევის სრული სპექტრით.

შარშანდელი მაჩვენებლებით კომპანიამ შეძლო 534 019 ლარის მოზიდვა და ამან საშუალება მისცა საქართველოს ბაზრის 0,15% დაეკავებინა. ანაზღაურებული ზარალის მაჩვენებელი კი 185 921 ლარის ტოლია.

დაბოლოს, 2009 წლის მონაცემებში მეთოთხმეტე ადგილს იკავებს დაზღვევის კომპანია "მობიუსი", რომელმაც სულ 232 639 ლარი ჯამური პრემიის მოზიდვა შეძლო. ეს კი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 0,06%-ის ტოლია. ეს გამოწვეულია იმით, რომ კომპანიამ ფაქტობრივი საქმიანობა მხოლოდ 2009 წლის მიწურულს დაიწყო. კომპანიას გასულ წელს ზარალის ანაზღაურებამ არ მოუწია და ეს მაჩვენებელი ნულის ტოლია. მოზიდული ჯამური პრემია მხოლოდ ქონების დაზღვევაზე და "ვალდებულებათა შესრულების დაზღვევაზე" მოდის.

ცხრილი 2. ქართული სადაზღვევო კომპანიების გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებლები
 

გადაზღვევის ხვედრითი წილი ძირითადად მცირდება

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები 2009 წელს კვლავინდებურად აქტიურად მიმართავენ მოზიდული ჯამური პრემიის გადაზღვევას. თუმცა, 2008 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ამ მხრივ სიახლეებიც არის: რამდენიმე კომპანია 2008 წელს გადაზღვევას უფრო აქტიურად მიმართავდა და პროცენტულად უფრო მეტი პრემია ჰქონდა გადაზღვეული, ვიდრე ეს 2009 წელს გააკეთა. რაც შეეხება ბაზრის ლიდერებს, ზოგიერთმა მათგანმა გადაზღვევის მაჩვენებელი გაზარდა, ზოგმაც პირიქით - შეამცირა. გადაზღვევის მაჩვენებლის გაზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ქართული სადაზღვევო კომპანიები ნაკლებ რისკებს კისრულობენ თავიანთ თავზე და რისკების ტვირთს გადამზღვევ სადაზღვევო კომპანიებზე უფრო მეტად ანაწილებენ.

მაგალითად, 2008-ში თუ მთელი ჯამური პრემიის 13% გადააზღვია "ალდაგი ბისიაიმ", 2009 წელს კომპანიის გადაზღვევამ უკვე 26%-ს გადააჭარბა. ბაზრის მეორე ლიდერმა - "ჯიპიაიმ" გადაზღვევის მაჩვენებელი შეამცირა. თუ 2008 წელს "ჯიპიაის" მოზიდული 47 003 585 ლარიდან 7 337 422 ლარი ჰქონდა გადაზღვეული, რაც მოზიდული თანხის 15,61%-ს შეადგენდა, 2009-ში "ჯიპიაიმ" 63 124 231 ლარი პრემია მოიზიდა და აქედან 6 712 726 ლარი გადააზღვია, რაც მთელი ჯამური პრემიის 10,63%-ია. "იმედი L"-ს გადაზღვევის მაღალი მაჩვენებელი არც 2008 წელს ჰქონია, თუმცა 2009 წელს ოდნავ გაზარდა. კომპანიას 2008 წელს მოზიდული ჯამური პრემია 46 466 474 ლარი ჰქონდა, საიდანაც 1 715 672 გადააზღვია. ეს კი მთლიანი ჯამური პრემიის 3,7% იყო. 2009-ში კომპანიამ თუ ჯამური პრემიის მოცულობა 61 718 681 ლარამდე გაზარდა, გადაზღვევის მოცულობაც მომატებულია – 3 412 569 ლარი, რაც მთელი ჯამური პრემიის 5,53%-ს შეადგენს.

რამდენადაც მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა ჯამური პრემიის მოზიდვაში, იმდენად შეამცირა გადაზღვევის მაჩვენებელი "ირაომ". 2008 წელს მოზიდული ჯამური პრემია 37 498 553 ლარიდან 14 850 197 ლარი გადააზღვია, ეს კი მთელი ჯამური პრემიის 39,6% იყო. 2009 წელს "ირაომ" ჯამური პრემია 56 018 831 ლარამდე გაზარდა, გადაზღვევის მაჩვენებელი კი 13 640 918 ლარამდე შეამცირა. ეს კი მთელი ჯამური პრემიის 24,35%-ია.
2009 წელს გადაზღვევის მაჩვენებელი გაზარდა ასევე "აი სი ჯგუფმა". 51 892 032 ლარიდან 7 757 782 ლარი გადააზღვია, რაც მთელი ჯამური პრემიის 14,95%-ია. 2008 წელს კი კომპანიის მოზიდული ჯამური პრემია 18 254 836 ლარს, ხოლო გადაზღვეული თანხა კი 2 116 606 ლარს შეადგენდა, რაც 11,6%-ს აღწევდა.

რაც შეეხება სხვა სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც 2008 წელსაც მოქმედებდნენ და საქმიანობა 2009-შიც განაგრძეს, გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი ყველამ შეამცირა. მათ შორის გამორჩეულია სადაზღვევო კომპანია "პარტნიორი", რომლის გადაზღვევის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 2008 წელს მოზიდული 4 199 934 ლარიდან კომპანიამ 73% გადააზღვია. შედარებით შეამცირა გადაზღვევის მაჩვენებელი 2009 წელს, თუმცა მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აქვს სხვა კომპანიებთან შედარებით. კომპანიამ 4 464 365 ლარიდან 40% გადაზღვევაზე მიმართა.

ცხრილი 3. სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურა დაზღვევის სახეობების მიხედვით 2009 წლის მონაცემებით
 

დაზღვევის პოპულარული სახეობები


2009 წელს არ დაირღვა ბოლო წლების ტრადიცია და ყველაზე პოპულარულ და მზარდ სადაზღვევო პროდუქტად კვლავ სამედიცინო დაზღვევაა. მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 247 255 530 ლარი შეადგინა, რაც მთელი სადაზღვევო პროდუქტების მიერ მოზიდული ჯამური პრემიის 68,6%-ია. წინა წელს არსებული სხვაობა სამედიცინო დაზღვევასა და სხვა პროდუქტებს შორის, 2009 წელს კიდევ უფრო გაზრდილია: 2008 წელს 161 229 445 ლარი იყო, რაც ბაზრის 59,27%-ის შეადგენდა. ასე რომ, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით თუ კორპორატიული დაზღვევის წყალობით სამედიცინო დაზღვევის პოპულარობის მკვეთრ ზრდას განიცდის.

მეორე ადგილზეა ქონების დაზღვევა. მოზიდული ჯამური პრემია შეადგენს 29 618 711 ლარს. ეს მაჩვენებელი კი 2008 წელთან შედარებით შემცირებულია. 2008 წელს ქონების დაზღვევის პრემია 33 067 993 ლარი იყო.

მესამე ადგილი უკავია ავტომობილების დაზღვევას. აქაც შემცირებაა - 2008 წელს თუ ჯამური პრემია 27 565 659 ლარი იყო, რაც ბაზრის 10,13%-ს უდრიდა, 2009 წლის მონაცემებით საავტომობილო დაზღვევამ 27 536 402 ლარი მოიზიდა და ბაზრის 7,64% დაიკავა.

საპენსიო დაზღვევა

საპენსიო დაზღვევა კვლავინდებურად ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად პოპულარულ სადაზღვევო პროდუქტად რჩება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წელთან შედარებით ამ მხრივ დადებითი ტენდენციაა. 2008-ში თუ წინა წელთან შედარებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა კლება იყო 10 486 დან 10 354-მდე, 2009 წელს საპენსიო ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 14 175 ადამიანს. არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლების ჩამონათვალში სულ ექვსი სადაზღვევო კომპანიაა: "ალდაგი ბისიაი"; "ჯიპიაი ჰოლდინგი"; "იმედი L International"; "ირაო"; "ტაო" და "პარტნიორი". 2009 წლის მდგომარეობით კი საქმიანობას სულ სამი კომპანია ახორციელებდა: "ალდაგი ბისიაი",  "ჯიპიაი ჰოლდინგი" და "იმედი L".

ცხრილი 4. საპენსიო სქემების დამფუძნებლების მიერ განხორციელებული საქმიანობა 2009 წელს
 

როგორ აფასებენ გასულ წელს სადაზღვევო კომპანიები

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ გასული წელი მთლიანი ბაზრისთვის წარმატებული გამოდგა. მართალია, კერძო სექტორში იყო შესუსტება, მაგრამ სახელმწიფო პროგრამების მხრივ, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ჩავარდნა არ ყოფილა. ასევე ჩავარდნა არ შეეხო არასახელმწიფო პროგრამებს კორპორატიული დაზღვევის მხრივ.

თუმცა, გასულ წელს შედარებით იმატა პრეტენზიებმა მზღვეველების მიმართ. განსაკუთრებით, ეს შეიმჩნეოდა სამედიცინო დაზღვევაში მონაწილეთა მხრიდან. დევი ხეჩინაშვილი ამ მოვლენას ლოგიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ხარისხის გაუარესების მიზეზია ის, რომ ინდუსტრია გაცილებით მეტად გაიზარდა, ვიდრე ინფრასტრუქტურა.

"ეს ბუნებრივია. მე, რომელიც უკვე 12 წელია დაზღვეული ვარ, ვიცი, რომ სერვისი გაუარესდა. უბრალოდ, ინდუსტრია გაიზარდა მეტად, ვიდრე ინფრასტრუქტურა. ის, ვინც ტრადიციულად დაზღვეული იყო, მისთვის სერვისი გაუარესდა. რიგში უწევს დგომა, როცა ადრე რიგში ყოფნა არ უწევდა; სადაც მივიდოდა, მომსახურებისას ზედ ჰყვებოდნენ... ხარისხის ზრდას დრო ჭირდება, საჭიროა ინფრასტრუქტურა გაიზარდოს", - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ხარისხი ვერ იზრდება, სადაზღვევო ასოციაციაში ასახელებენ თავად მომხმარებლის დამოკიდებულებას.

"მომხმარებელი თუ ხარისხზე ორიენტირებული გახდა, ბაზარი აუცილებლად უპასუხებს. დღეს, სამწუხაროდ, როგორც წესი, მომხმარებელი ორიენტირებულია ფასზე. ამიტომ სადაზღვევო კომპანიები ასევე პასუხობენ ფასით. არ შეიძლება იაფი და კარგი არსებობდეს. ანუ, როგორც კი სადაზღვევო კომპანიამ ფასი უნდა მოარგოს მოთხოვნას ტენდერის თუ სხვა პირობების გამო – ეს რასაკვირველია იწყებს ხარისხის შემცირებას", - ამბობენ სადაზღვევო ასოციაციაში და იმ მომენტზეც ამახვილებენ ყურადღებას, გასულ წელს სახელმწიფომ ადრინდელ ფასთან შედარებით იაფად რომ მოითხოვა კომპანიებისგან სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულთა მომსახურება.

როგორია უშუალოდ სადაზღვევო კომპანიების პოზიცია? 2009 წელი "ჯიპიაი ჰოლდინგისთვის" მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა. როგორც კომპანიის მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი თინა სტამბოლიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, კომპანიისთვის ზრდა იყო, თუმცა არა ისეთი, როგორსაც ელოდნენ.

"მოზიდული პრემიები რომ შევადაროთ, დაგეგმილი ზრდა რაღაც ნაწილში კი იყო, თუმცა უფრო მეტს ვვარაუდობდით. დაგეგმილი ზრდა არ განხორციელდა, რადგან ეკონომიკური აქტივობა იყო უფრო დაბალი, ვიდრე ჩვენ მოველოდით".

როგორც "ჯიპიაიში" ამბობენ, დაგეგმილი ზრდა ვერ განხორციელდა არასახელმწიფო პროგრამებში, ხოლო სახელმწიფო პროგრამებში - მნიშვნელოვანი ზრდა იყო.

2009 წელს წარმატებულს უწოდებენ "ალდაგი ბისიაიში". კომპანიის ხელმძღვანელი ნიკა გამყრელიძე მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი წარმომადგენლობების გახსნაზე, ასევე ახალი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებაზე ამახვილებს ყურადღებას და მის კომპანიაში დაზღვეულებს კვლავ საუკეთესო მომსახურებას ჰპირდება.

მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" მიერ დაფუძნებული კომპანია "ალფას" გამოჩენა ბაზარზე. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია აქვს მეორე ფარმაცევტულ უმსხვილეს კომპანია "PSP"-საც, რომელიც შპს "პსპ სამედიცინო დაზღვევის" სახელით არის დარეგისტრირებული.

2 comments:

  1. მთლიანობაში რომ შევაფასოთ, 2009 წელი მიუხედავად პოსტ-კრიზისული პერიოდისა, ქართული სადაზღვევო კომპანიებისთვის მაინც წარმატებული გამოდგა.

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete