Thursday, April 14, 2011

საჯარო ბიბლიოთეკა

Print Version
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა
 
მისამართი:
გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი, 0107
ტელ.: +995 (32) 97 16 61; 97 16 14
ფაქსი: +995 (32) 97 16 15

ბიბლიოთეკა მკითხველს ემსახურება ყოველდღე, 9:30-20:00. ბიბლიოთეკა ისვენებს მხოლოდ ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო უქმე დღეებში.
ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობა:საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I, II, III, IV კორპუსები მდებარეობს თბილისის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე, V კორპუსი კი – საბურთალოს ქუჩაზე.
I კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5

I კორპუსში განთავსებულია:

– საერთო სამკითხველო დარბაზი,
– სამეცნიერო სამკითხველო დარბაზი,
– პერიოდულ გამოცემათა სამკითხველო დარბაზი,
– საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება,
– იშვიათ გამოცემათა დარბაზი


II კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5
II კორპუსში განთავსებულია:

– საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილება,
– ბიბლიოეკათშორისი აბონემენტის განყოფილება,
– ISBN წიგნის, ISSN სერიული გამოცემების და  ISMN მუსიკალური გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება



III კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7
III კორპუსში განთავსებულია:
– ქართველოლოგიის განყოფილება,
– საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილება
– ორიენტალისტიკის სამკითხველო დარბაზი,
– ანგლოამერიკული ლიტერატურის სამკითხველო დარბაზი,
– ელექტრონული რესურსებით მომსახურების განყოფილება,
– ვილჰემ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულენოვანი ლიტერატურის ბიბლიოთეკა,
– დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის მედიათეკა,
– საბავშვო ცენტრი

 
IV კორპუსი, მისამართი: ფურცელაძის ქ. 11
IV კორპუსში განთავსებულია:

 – მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილება 




V კორპუსი, მისამართი: საბურთალოს ქ.47
 V კორპუსში განთავსებულია:

–  სანოტო-აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილება,
– პლაკატისა და ესტამპის განყოფილება,
– კარტოგრაფიის განყოფილება,
– ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილება,
– სამოქალაქო განათლების განყოფილება,
– გამომცემლობის განყოფილება



                                            ბიბლიოთეკაში გაწევრიანება 
ბიბლიოთეკაში გაწევრიანებისათვის მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
ბიბლიოთეკაში გაწევრიანება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში წარადგენს მოქალაქის პირადობის მოწმობას (ბინის აღნიშვნით).
სკოლის მოსწავლე, რომელსაც არ აქვს მოქალაქის  პირადობის მოწმობა, წარადგენს დაბადების მოწმობას, მოსწავლის მოწმობას და  მშობლის პირადობის მოწმობას.
მკითხველის ბილეთი გაიცემა უვადო სარგებლობის უფლებით.
მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილება მდებარეობს ბიბლიოთეკის IV კორპუსში, ფურცელაძის ქუჩა N11.
განყოფილება მუშაობს ყოველდღე 9:30–დან 18:00–მდე.
მკითხველი ვალდებულია

  • წარმოადგინოს მკითხველის ბილეთი ბიბლიოთეკაში შემოსვლისას, გასვლისას, შეკვეთილი მასალის მიღებისას

  • მკითხველის ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში სასწრაფოდ აცნობოს მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებას

  • დაიცვას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით სარგებლობის წესები.


    Print Version
    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით სარგებლობის წესები
    1. ზოგადი დებულებები
    1. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სახელმწიფო კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საინფორმაციო დაწესებულებას, საბიბლიოთეკო სისტემის მთავარ ბიბლიოთეკას, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს.
    მისი საქმიანობა განისაზღვრება კანონებით: "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ"; "საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის შესახებ"; "საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებით", სხვა ნორმატიული და ადმინისტრაციული აქტებით.
    2. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უფლება აქვს გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზიანს აყენებენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ სახელმწიფო და ბიბლიოთეკის ქონებას.
    ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული სახელმწიფო და ეროვნული  ბიბლიოთეკის ქონების და ფონდის დაცვა, მოვლა-პატრონობა სავალდებულოა ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომლისა და მკითხველისათვის.
    3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილების საშუალებით, აწარმოებს ფონდების დროებით სარგებლობისათვის გაცემას სხვა ბიბლიოთეკებზე.
    განსაკუთრებულ შემთხვევებში სარეზერვო-გაცვლითი ფონდიდან ხდება ფონდის გაცემა მისი გაცვლის ან გადაცემის მიზნით სხვა ბიბლიოთეკებისათვის.
    4. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამკითხველო დარბაზები დიფერენცირებულია დარგობრივი და საგანმანათლებლო პრინციპებით. ბიბლიოთეკის ფონდები და მასალები გაიცემა მხოლოდ ბიბლიოთეკის შესაბამის სამკითხველო დარბაზებში.
    სხვა სამკითხველო დარბაზებში ფონდების გატანა დასაშვებია, განსაკუთრებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის ნებართვის საფუძველზე.
    5. იშვიათ გამოცემათა ფოტოასლებისა და ქსეროასლის გადაღება ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის ნებართვით.
    6.     რარიტეტული გამოცემები და საარქივო ეგზემპლარები გაიცემა მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
    მუხლი 2. ბიბლიოთეკის მკითხველის რეგისტრაცია
     მოქალაქეს, რომელსაც სურს ისარგებლოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებში დაცული მასალით, კატალოგებით, ელექტრონული რესურსებით, აუცილებელია ჰქონდეს ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილების მიერ გაცემული მკითხველის ბილეთი.
    მკითხველის ბილეთის მიღებისთვის აუცილებელია– მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა (საცხოვრებელი ადგილის მისამართის აღნიშვნით).
    მკითხველის ბილეთის ვადის გასვლის შემდეგ მკითხველს შეუძლია გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა, რისთვისაც საჭიროა ვადაგასული ბილეთისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.
    მუხლი 3. ბიბლიოთეკის მკითხველის უფლებები
    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველს უფლება აქვს:
    1. მიიღოს სრული ინფორმაცია და კონსულტაცია ინფორმაციის პირველადი წყაროების მოძიების, ფონდების, ფაქტოგრაფიული მონაცემების დაზუსტების საკითხებზე, ჩაატაროს საცნობო–ბიბლიოგრაფიული ძიება ბიბლიოთეკაში არსებული საბიბლიოთეკო რესურსების გამოყენებით (კატალოგი, კარტოთეკა, ელექტრონული რესურსი, ფონდი).
    2. ისარგებლოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით, ელექტრონული რესურსებით.
    3. მოითხოვოს გამოწერილი მასალის გადანახვა ათიდან ოც დღემდე ვადით. მასალის გადანახვის ვადას განსაზღვრავს უფლებამოსილი პირი.
    4. გადაიღოს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული მასალის ასლები, რომლის გადაღების უფლებას განსაზღვრავს უფლებამოსილი პირი.
    5. გამოიწეროს ერთდროულად არაუმეტეს 5 საბიბლიოთეკო ერთეული. საბიბლიოთეკო მასალის მიწოდების დრო დამოკიდებულია ბიბლიოთეკის საცავში მასალის ადგილმდებარეობაზე და არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს.
    6.  ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილების საშუალებით სამკითხველო დარბაზებში მიიღოს ის გამოცემები, რომლებიც არ მოიპოვება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში.
    7.  მკითხველთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით წინადადებებით მიმართოს ეროვნული ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას.
    მუხლი 4. ბიბლიოთეკის მკითხველის ვალდებულებები
    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველი ვალდებულია:
    1. ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში შესვლისას და გასვლისას წარადგინოს მკითხველის ბილეთი.
     მკითხველის ბილეთის წარდგენა საჭიროა მასალის მიღებისას.
    2.  მასალის მიღების დროს გადაათვალიეროს იგი, დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ პირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზიანებულ მასალაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მკითხველს, რომელმაც ბოლოს ისარგებლა აღნიშნული მასალით.
    3.  გაუფრთხილდეს მასზე გაცემულ მასალას, არ დააზიანოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა.
    4.  მკითხველის ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ პირს და მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებას.
    5.  დაიცვას სიჩუმე, წესრიგი, საზოგადოებრივი ქცევისა და ჰიგიენური ნორმები.
    თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეაწუხებს სხვა მკითხველს და ბიბლიოთეკის თანამშრომელს.
    აღნიშნული ქმედებისათვის ორჯერ გაფრთხილების შემთხვევაში, მკითხველს ჩამოერთმევა მკითხველის ბილეთი ერთი წლის ვადით.
    6.  თითოეული მკითხველი პასუხისმგებელია პირად ქონებაზე, მათ შორის ძვირფას ნივთზე, ჩანთაზე, მობილურ ტელეფონზე. აღნიშნული ქონების უმეთვალყურეოდ დატოვების ან დაკარგვის შემთხვევაში ეროვნული ბიბლიოთეკა იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.
    პირადი ნივთის დაკარგვისას მკითხველმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს  ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილებას.
    7.  ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში ყოფნისას დაიცვას ბიბლიოთეკის ადმინისტრციის მიერ დადგენილი ნორმები და ქცევის წესები.
    8.  მკითხველს ეკრძალება:
    ა) მკითხველის ბილეთის სხვისთვის გადაცემა ან სხვისი ბილეთით სარგებლობა.
    ბ) საბიბლიოთეკო მასალების ბიბლიოთეკიდან ან სამკითხველო დარბაზიდან გატანა უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე.
    გ) წიგნის, გაზეთის, ჟურნალისა და სხვა ნაბეჭდი ერთეულების ბიბლიოთეკის შენობაში შემოტანა.
    დ) ნებისმიერი სახის იარაღის, მათ შორის: ფეთქებადი ნივთიერებების, მჭრელი და ბასრი იარაღების, ნივთების, მუსიკალური ინსტრუმენტების, ვიდეო კამერების, სასმელების, საკვები პროდუქტების შემოტანა.
    ე) ბიბლიოთეკის მკითხველთა, თანამშრომელთა და ფონდების უსაფრთხოების მიზნით: ჩანთა, დიდი ზომის კონვერტი, პარკი – ეროვნული ბიბლიოთეკის დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების მიერ  ექვემდებარება შემოწმებას.
    ვ) კატალოგებიდან და კარტოთეკებიდან ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების, ბარათების ამოღება.
    ზ) შენობაში თამბაქოს მოწევა, გარდა თამბაქოს მოწევისათვის საგანგებოდ გამოყოფილი ადგილებისა;
    თ) სამკითხველო დარბაზებში მობილური ტელეფონით სარგებლობა.
    მუხლი 5. მკითხველის პასუხისმგებლობა წინამდებარე წესების  დარღვევისათვის
    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებით, ფონდებით, კატალოგებით, კარტოთეკებით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში მკითხველს ჩამოერთმევა მკითხველის ბილეთი 1 წლის ვადით. სახელმწიფო და ეროვნული ბიბლიოთეკის ქონებისთვის მიყენებული ზარალისთვის მკითხველი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
    გენერალური დირექტორის
    ბრძანება # 12 2009 წლის 21 იანვარი

    ბიბლიოთეკის წიგნთან მოპყრობის ოცი წესი
    Print Version
    • არ გადაკეცოთ წიგნი, მაშინაც კი, როცა მას რბილი ყდა აქვს. არ სცადოთ ძალის გამოყენება, თუ წიგნი ცუდად იფურცლება.
    • არ გადაკეცოთ გვერდის კუთხე, მაშინაც კი, თუ არ გაქვთ სანიშნი.
    • ნუ ეცდებით დაჭმუჭნული ან დაზიანებული მუყაოს ყდის გასწორებას.
    • კითხვის დროს ნუ დაეყრდნობით წიგნს იდაყვით.
    • ეცადეთ, არ დააგდოთ წიგნი ძირს და, საერთოდ, არავის მისცეთ უფლება მოეპყროს წიგნს ბარბაროსულად.
    • არ დადოთ წიგნი იატაკზე ან ფანჯრის რაფაზე. (გახსოვდეთ, რომ წიგნისთვის ერთნაირად საზიანოა როგორც მტვერი, ასევე მზის სხივები).
    • შეეცადეთ, არ დატოვოთ წიგნში საკუთარი შენიშვნები (ხაზგასმა, მინაწერები, გზავნილები) და, საერთოდ, არ შეეხოთ წიგნს საწერი საგნებით.
    • წიგნზე არ დადოთ ფურცლები რომელზეც წერთ.
    • არ მიიტანოთ ბიბლიოთეკაში ისეთი მასალა, რომელიც ზიანს მიაყენებს წიგნს (საჭმელი, წებო, მელანი, სკოჩი და სხვ.) ეცადეთ, კითხვის დროს არ დალიოთ წვენები და არ ჭამოთ, არ შეიძლება გაშლილ წიგნზე გათალოთ ფანქარი.
    • ფრთხილად მოეპყარით ძველ და გაცრეცილ წიგნებს. თავი შეიკავეთ იმისგან, რომ კითხვის დროს სტრიქონს ხელი გააყოლოთ, ამისთვის გამოიყენეთ სანიშნი ან ქაღალდის ნაჭერი.
    • დამოუკიდებლად ნუ შეეცდებით საკანცელარიო წებოთი დააკრათ გვერდის მოხეული ნაწილი და ან სკოჩით შეაერთოდ დაზიანებული გვერდები. დამოუკიდებლად არ გაუკეთოთ რესტავრაცია საბიბლიოთეკო წიგნს - დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობეთ ბიბლიოთეკარს.
    • სანიშნის მაგივრად არ გამოიყენოთ პირველივე შემხვედრი საგანი (კალამი, გასახდელის ნომერი, ან მისთანები).
    • შეეგუეთ იმას, რომ თქვენ გთხოვენ გასახდელში დატოვოთ ზამთრის ტანსაცმელი (ქურქები, პალტოები, ლაბადები, ქურთუკები). მისი მტვერი საზიანოა წიგნისათვის.
    • თუ თქვენ მიიღეთ წიგნი, რომელიც შეკრულია თასმებით, არ გახსნათ დამოუკიდებლად, მიმართეთ ბიბლიოთეკარს.
    • თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ წიგნში გვერდები გაუხსნელია, არ იხმაროთ მაკრატელი ან სახაზავი. ამ შემთხვევაში სთხოვეთ ბიბლიოთეკარს, მოგცეთ სპეციალური დანა და გაჩვენოთ, როგორ შეიძლება ამ დანით სარგებლობა.
    • თუ არის საშუალება ისარგებლოთ წიგნის ქსეროასლით, უპირატესობა მიანიჭეთ მას და არა ორიგინალს.
    • გადაშლილი წიგნი არ დატოვოთ მაგიდაზე. წიგნი არ დადოთ მაგიდის ნაპირას თუ მისი ფურცლები ჩამოკიდებულია.
    • ნუ აყვებით ცდუნებას და არ გაიყოლიოთ წიგნი სადილობისას ან მოსაწევ ოთახში გასვლისას, სადაც არ არის რეკომენდებული წიგნის კითხვა ან წიგნს საფრთხე ელის.
    • წიგნის მიღებისას მაშინვე შეამოწმეთ წიგნის ვარგისიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გექნებათ საშუალება დაამტკიცოთ თქვენი უდანაშაულობა დეფექტის აღმოჩენისას.
    • ალბათ ეს ზედმეტია, მაგრამ არ იქნება ურიგო, შეგახსენოთ, რომ უხეში მოპყრობისას ან დაზიანების შემთხვევაში (გვერდების ამოხევა, დაზიანება და სხვ.) თქვენ გელით (როგორც მინიმუმი) ბიბლიოთეკიდან სამუდამო გაძევება.
     






  • საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება


    ეროვნულ ბიბლიოთეკის საცნობარო-ბიბლიოგრაფიულ განყოფილებაში ფუნქციონირებს გ. გეხტმანის სახელობის სამკითხველო დარბაზი და საინფორმაციო სერვის სამსახური. გეხტმანის სახელობის სამკითხველო დარბაზი მკითხველს სთავაზობს ოპერატიულ მომსახურებას ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო სისტემის გამოყენებით. ეს არის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგები და მონაცემთა ბაზები, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილების წიგნადი ფონდი და თემატური კარტოთეკები, ცნობარები. მკითხველისთვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო ლიტერატურის ცნობილი გამომცემლობების ელექტრონული მონაცემთა ბაზები. ასევე ემსახურება ინტერნეტ რესურსებით და საქართველოს კნონმდებლობის ნორმატიული აქტების კრებულით "კოდექსით". მკითხველს აქვს იმის საშუალებაც, რომ მისთვის საჭირო ინფორმაცია ჩაიწეროს ინფორმაციის მაგნიტურ მატარებელზე (CD, USB).

    საინფორმაციო სერვის სამსახური მკითხველს ემსახურება ბიბლიოგრაფიული კონსულტაციით:
    • როგორ მოძებნოს მისთვის საჭირო ლიტრატურა;
    • მიიღოს დაზუსტებული ინფორმაცია წიგნის ან სატატიის მონაცემებზე;
    • სად და რა შემთხვევაში გამოიყენოს ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები,  ანბანური და სისტემატური კატალოგები;
    • მიიღოს ინფორმაცია საკურსოების, სამეცნიერო ნაშრომების ლიტერატურის სიის შედგენასა და გაფორმებაზე;
    • მიიღოს თემატური, მეთოდური, ფაქტოგრაფიულად დაზუსტებული ხასიათის ზეპირი ცნობები;
    • მიიღოს ინფორმაცია ბიბლიოთეკის კატალოგების, კარტოთეკების, საცნობო - ბიბლიოგრაფიული გამოცემების გამოყენების შესახებ.
    მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7,  III კორპუსი, 0 სართული
    სამუშაო საათები: 09.30 : 20.00, ყოველდღე
    ტელ.: 97 16 36 
    ელ.ფოსტა: mmeskhi@nplg.gov.ge

    საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება


    ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტი
    ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტის საშუალებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  საერთო საცავიდან დროებითი სარგებლობისათვის გაიცემა ლიტერატურა იმ ორგანიზაციებზე და დაწესებულებებზე, რომელთაც თავიანთ სტრუქტურაში აქვთ ბიბლიოთეკები და სამეცნიერო–საინფორმაციო განყოფილებები.
    ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტით სარგებლობის უფლება აქვთ:
    1. რეგიონალურ, საქალაქო და სარაიონო ცენტრალურ ბიბლიოთეკებს;
    2. დარგობრივ სამეცნიერო ბიბლიოთეკებს და სამეცნიერო–საინფორმაციო ცენტრებს;
    3. მსხვილი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებების სამეცნიერო-ტექნიკურ ბიბლიოთეკებს და საინფორმაციო ორგანოებს;
    4. სპეციალურ: მეცნიერებათა აკადემიის, სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო დაწესებულებების, თეატრების, მუზეუმების და  სამეცნიერო საზოგადოებების ბიბლიოთეკებს;
    5. სახელმწიფო აპარატის და სამთავრობო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს;
    საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებს და სამეცნიერო–საინფორმაციო ორგანოებს.
    მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5,  I კორპუსი, II სართული
    სამუშაო საათები: 09.30 : 18.00, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
    ტელ.: 97 16 49
    ელ.ფოსტა: nkhvedeliani@nplg.gov.ge;
                  
    ill@nplg.gov.ge
    ბიბლიოთეკათაშორისი აბონემენტის განყოფილება

    ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემების, ISSN სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრები
    Print Version
    ISBN, ISMN და ISSN მსოფლიოში ცნობილია, როგორც მექანიკურად საკითხავი საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შეუცდომლად ახასიათებს ნებისმიერ წიგნს, მუსიკალურ და პერიოდულ გამოცემას.  ISBN, ISMN და ISSN არის საფუძველი ნაბეჭდ ერთეულთა სექტორის სამი შემადგენელი კომპონენტის ურთიერთკავშირისათვის – გამომცემლობითი, სავაჭრო და ბიბლიოთეკური. ნომერი ენიჭება ყოველ ცალკეულ გამოცემას და მათი საშუალებით ხდება შეკვეთისა და დისტრიბუციის სისრულეში მოყვანა. ISBN–ის, ISMN–ისა და ISSN–ის საშუალებით იოლად მოიძებნება ინფორმაცია სასურველი ნაბეჭდი ერთეულის შესახებ.
      
    ეროვნული ბიბლიოთეკის ISBN–ის, ISMN–ისა და ISSN–ის საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება:
    · გასცემს ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემისა და ISSN სერიული გამოცემის საერთაშორისო სტანდარტულ ნომრებს გამომცემლობებზე და ავტორ–გამომცემლებზე;
    · ახორციელებს კონტროლს საერთაშორისო სტანდარტული ნომრის მინიჭებასა და შენარჩუნებაზე;

    გამომცემლობები და ავტორ–გამომცემლები ვალდებულნი არიან მიანიჭონ საერთაშორისო სტანდარტული ნომრები მათ მიერ გამოცემულ თითოეულ ნაბეჭდ ერთეულს, რათა შესაძლებელი გახდეს მათი ჩართვა გამომცემელთა საერთაშორისო ცნობარში.
    საერთაშორისო სტანდარტული ნომრები ლეგალურს, კანონიერს ხდის თვით გამავრცელებლის     საქმიანობას. როდესაც საქართველოში  წიგნი და პერიოდული გამოცემა იბეჭდება არალეგალურად, გამომცემლობათა გვერდის ავლით, ასეთი ლიტერატურა  არსად არის აღრიცხული და ძნელია მათი კონტროლი.
    გამომცემლობები და ავტორ–გამომცემლები ვალდებულნი არიან გადასცენ გამოცემის ოთხი ეგზემპლარი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

    ISBN–ის ( წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) სააგენტო მდებარეობს ლონდონში.


    ISMN–ის (მუსიკალური გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) სააგენტო მდებარეობს ბერლინში.


    ISSN–ის (სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომერი) ცენტრი მდებარეობს პარიზში.
    მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5, II კორპუსი, III სართული
    სამუშაო საათები: 09.30 : 18.00, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
    ტელ.: 97 16 32; 97 16 31
    ელ.ფოსტა: nsimonishvili@nplg.gov.ge (ISBN,ISMN)
    ელ.ფოსტა: mkenchoshvili@nplg.gov.ge (ISSN)
    ISBN–ის, ISMN–ისა და ISSN–ის საერთაშორისო სტანდარტული ნომრების განყოფილება


    2 comments:

    1. მე ხშირად მიწევს საჯარო ბიბლიოთეკით სარგებლობა.იქ დაცული წიგნები თუ სხვა გამოცემები ძალინ მეხმარება სხვადასხვა მასალის დამუშავებაში.რეგისტრაცია ადვილად გავიარე,კმაყოფილი ვარ მომსახურებით.სამკითველო გარემო სტიმულს მაძლევს რაც შეიძლება მეტი წავიკითხო.ასე რომ ყველას გირჩევთ ხშირად ისარგებლოთ საჯარო ბიბლიოთეკით.ვფიქრობ,უკმაყოფილონი არ დარჩებით!

      ReplyDelete
    2. This comment has been removed by the author.

      ReplyDelete